თავფურცელი / ისტორია

პროექტის შესახებ


კიბერ გალაკტიონი არის პირველი ქართულენოვანი „ჩეთბოტი“. მას შეიძლება გალაკტიონის „ენობრივი ასლიც“ ვუწოდოთ. სხვადახვა ენაზე მოსაუბრე „ჩეთბოტები“ უკვე დიდი ხანია არსებობს, მაგრამ, სანამ ქართულენოვან „ჩეთბოტზე” ვისაუბრებთ, ვნახოთ, რას ნიშნავს სიტყვა „ბოტი“.


რა არის ბოტი?


მექანიკურ მოწყობილობებს, რომელთაც ადამიანისაგან დამოუკიდებლად სხვადახვა ამოცანის შესრულება შეუძლიათ, რობოტს უწოდებენ. ის ადამიანის შექმნილია და დავალებებსაც, როგორც წესი, ადამიანი აძლევს, რომლებსაც რობოტი უკვე დამოუკიდებლად ასრულებს. თავად სიტყვა „რობოტი“ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა და იგი პირველად ჩეხმა მწერალმა კარლ ჩაპეკმა გამოიყენა.

მოგვიანებით სიტყვისაგან „რობოტი“ კიდევ ერთი ახალი სიტყვა - „ბოტი“ წარმოიშვა. ასე აღნიშნავენ კომპიუტერულ პროგრამებს, რომლებიც ადამიანისაგან დამოუკიდებლად ასრულებენ სხვადახვა ამოცანას. ბოტებს, რობოტებისაგან განსხვავებით, არ გააჩნიათ მატერიალური გარსი. ისინი მხოლოდ პროგრამები არიან.

რა არის ჩეთ ბოტი?

ბოტების ერთ-ერთი სახეობაა ჩეთბოტი (ინგ. Chat საუბარი). ჩეთბოტები ადამიანთან მოსაუბრე პროგრამები არიან. მათ ადამიანის მსგავსად შეუძლიათ დიალოგის წარმართვა.

ჯერ კიდევ 1956 წელს ბრიტანელმა მათემატიკოსმა ალან ტურინგმა (Alan Turing) თავის სტატიაში „კომპიუტერი და გონიერება" (Computing Machinery and Intelligence), რომელიც ოქსფორდის აკადემიურ ჟურნალ "MIND”-ში გამოქვეყდა, შემდეგი კითხვა დასვა: „შესაძლებელია თუ არა გონიერი მანქანის შექმნა?". ამ სტატიაში ტურინგმა ერთი მეტად საინტერესო ექსპერიმენტი აღწერა, რომელშიც ორ ადამიანსა და ერთი კომპიუტერს უნდა მიეღო მონაწილეობა. ექსპერიმენტის მონაწილეები სხვადასხვა ოთახში უნდა მსხდარიყვნენ. ერთ-ერთი ცდისპირი რიგრიგობით დაუსვამდა შეკითხვებს კომპიუტერსა და ადამიანს. ტურინგი ექსპერიმენტის აღწერისას ასეთ დასკვნას აკეთებდა: თუკი შეუძლებელი იქნება გარჩევა, რომელი პასუხი ეკუთვნის ადამიანს და რომელი კომპიუტერს, ჩვენ შევძლებთ განვაცხადოთ, რომ კომპიუტერის ინტელექტი ადამიანისას გაუტოლდაო.


კიბერ გალაკტიონი

კიბერგალაკტიონი პირველი ქართულენოვანი ჩეთბოტია. ამ პროექტში ყველაფერი პროგრამისტებისათვის გასაგებ ლოგიკას ექვემდებარება. გალაკტიონის ლექსები, დღიურები და გამონათქვამები ერთ დიდ მონაცემთა ბაზაშია განთავსებული. როდესაც ადამიანი კიბერ გალაკტიონთან საუბარს იწყებს, კომპიუტერი, რთული ალგორითმის გამოყენებით, შესაბამის პასუხს პოულობს მონაცემთა ბაზაში. კიბერ გალაკტიონის ჩეთბოტი მთლიანად არის დაფუძნებული გალაკტიონის პიროვნებაზე, ანუ ახდენს ამ პიროვნების სიმულირებას ციფრულ გარემოში. ეს კი ნიშნავს, რომ შენ, რაღაც გაგებით, თავად გალაკტიონს ესაუბრები და სივრცე და წლები თქვენ შორის მცირდება. პროგრამისტები მხოლოდ მათთვის და კომპიუტერისათვის გასაგები სიმბოლოების მანიპულაციით სასწაულებს ახდენენ. აბა თავად წარმოიდგინეთ, მათ მონაცემთა ბაზაში შეჰყავთ მონაცემები, მერე ამ მონაცემებს პროგრამული კოდის საშუალებით უკავშირდებიან და ჩეთბოტი, ანუ ადამიანის ენობრივი ანაბეჭდი უკვე შენს მონიტორზე ციმციმებს და მზადაა გესაუბროს, გიპასუხოს კითხვებზე ან გეკამათოს.